მიმდინარე წელს საოჯახო სასტუმროების მფლობელთა ტრენინგები იგეგმება (EN)
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მიმდინარე წელს ახალ პროექტებს იწყებს. სააგენტო, რომელსაც პროფილი და სახელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2015 წელს შეუცვალა, სოფლად ტურიზმის და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზეა ორიენტირებული.
მიმდინარე წელს, სააგენტო ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სრულყოფილი ტურისტული მარშრუტების შექმნას გეგმავს, რომლებსაც სხვადასხვა სერვისები დაემატება, რაც მარშრუტში საოჯახო სახლების ჩართვას, ადგილობრივი კერძების დეგუსტაციას, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გაცნობასა და სხვა სერვისებს ითვალისწინებს. სააგენტო, ასევე გეგმავს აჭარაში არსებული საოჯახო სახლების ბაზის შექმნას, რომელიც თავისი ფოტოებითა და ინფორმაციით დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსდება.
გასულ წელს, მარშრუტების კუთხით სააგენტომ ორი ახალი მარშრუტის მარკირება მოახდინა, რაც მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტისა და ბათუმი-მირვეთი-ბათუმი ველო მარშრუტის ნაწილობრივ მარკირებას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, შეიმუშავა ახლად გახსნილი სამთო-სათხილამურო კურორტის გოდერძის ტურისტული პაკეტები და მარშრუტი.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში საოჯახო სასტუმროების მფლობელთათვის ტრენინგებს გეგმავს. ერთკვირიანი ტრენინგებისას მონაწილეებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციასა და საინფორმაციო ბროშურებს, სადაც მომსახურების ძირითადი ნორმების შესახებ იქნება საუბარი. გარდა ამისა, სააგენტო კონკრეტული მარშრუტების მიხედვით გიდების გადამზადებასაც გეგმავს. ტრენინგები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.
სიახლე იგეგმება ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მხრივაც. რეგიონში არსებულ 8 საინფორმაციო ცენტრს კიდევ ერთი დაემატება, რომელიც ბათუმი ცენტრალის შენობაში განთავსდება. საინფორმაციო ცენტრებში ასევე იგეგმება სარეალიზაციო პრუდუქტების (მარშრუტები, რუქები, ტურები, ბროშურები, თემატური სუვენირები) განახლება და გამრავალფეროვნება.
გარდა ამისა, სააგენტო რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებას გაუწევს ფესტივალებს, მათ შორის ზაფხულის ფესტივალს, ფრინველების საერთაშორისო ფესტივალსა და შემოდგომის ფესტივალს, ასევე ინფო და პრეს ტურებს.
