ვინ ვართ ჩვენ?

აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შესახებ

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი არის ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ტურისტული პროდუქტების იდენტიფიცირებას, დივერსიფიკაციასა და განვითარებას, ტურისტული პროდუქტების ხარისხისა და მომსახურების დონის ამაღლებას.

დეპარტამენტი მისიის განხორციელებას უზრუნველყოფს:

  • კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთან, თვითმმართველ ერთეულებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით
  • დარგის მართვის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით
  • მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლებით
  • ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების პერიოდული შეგროვებითა და გაანალიზებით
  • დარგის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებით



აჭარაში ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან სინქრონიზაციის, ასევე სტუმართა კმაყოფილების ზრდის მიზნით, დეპარტამენტი ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს:

  • ხარისხის ნიშნის მინიჭება ტურისტული მომსახურების მიმწოდებელზე - „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“;
  • რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის კვლევა იდუმალი სტუმრის მეთოდით;
  • დარგში წარმატებული ობიექტების ყოველწლიური დაჯილდოება;
  • სფეროში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგების განხორციელება დეპარტამენტთან არსებული საკონსულტაციო ცენტრის მიერ.

ამ მიზნების უკეთ მიღწევისათვის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან არსებობს შემდეგი ორგანიზაციული ერთეულები (ნაწილობრივ დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული, ხოლო გარკვეულ ნაწილს კერძო სექტორი შეადგენს):


1. აჭარის ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭო

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს კერძო სექტორის წარმომადგენელთაგან შემდგარ საკონსულტაციო ორგანოს, რომელსაც გააჩნია დებულება, იკრიბება პერიოდულად დებულებით განსაზღვრულ ვადებში, საჭიროებისამებრ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას დეპარტამენტის ინიციატივით, ასევე საკუთარი ინიციატივით მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად.


2. აღმასრულებელი საბჭო

აღმასრულებელი საბჭო წარმოადგენს პროექტ „რეკომენდებულიას“ უშუალო ნაწილს და ღებულობს მონაწილეობას საკვანძო საკითხებში. ის კომპლექტდება დეპარტამენტის თანამშრომლებისა და აჭარის ტურიზმის რეგიონალური მრჩეველთა საბჭოს წევრებისაგან (დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭო - კერძო სექტორის წარმომადგენელთაგან შემდგარი საკონსულტაციო ორგანო), ბრძანების საფუძველზე. მას გააჩნია დებულება, ის უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მიანიჭოს ან ჩამოართვას მინიჭებული უფლებები ობიექტებს.

აღმასრულებელი საბჭო ამტკიცებს მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობას. აღმასრულებელი საბჭოს წევრს შეუძლია პარალელურად იყოს მონიტორინგის ჯგუფის წევრიც. მონიტორინგის ჯგუფი არის ის ძირითადი ორგანიზაციული ერთეული, რომელიც უშუალოდ ამოწმებს ტურისტულ ობიექტებსა და მათ სერვისებს, მათი განაცხადის საფუძველზე და ახდენს მათ კონსულტირებას ხარისხის ნიშნის მიღების პროცესში.


3. მონიტორინგის ჯგუფი

მონიტორინგის ჯგუფი “იდუმალი სტუმარი“ (მონიტორინგის პარალერული, გარე ელემენტი, რომელიც წელიწადში ერთჯერ ან ორჯერ განხორციელდება) მოქმედებენ პარალელურად და ურთიერთშეთანხმებით.


4. საკონსულტაციო ცენტრი

საკონსულტაციო ცენტრი დეპარტამენტის ბაზაზე არსებობს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს პერიოდულად თავაზობს ტრენინგებს, მასტერკლასებს, სამუშაო შეხვედრებს, საჭიროების შემთხვევაში უწევს მათ კონსულტაციას.

საკონსულტაციო ცენტრის მუშაობა მიმართულია რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტურისტულ სექტორში დასაქმებულთა ცნობიერებისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაა.

საკონსულტაციო ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად განახლდება მოცემულ ვებ-გვერდზე. ასევე შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში კერძო სექტორის წარმომადგენელმაც მიმართოს ცენტრს კონსულტაციისათვის.

ცენტრი არსებობს დეპარტამენტის ბაზაზე, განთავსებულია დეპარტამენტის შენობაში და მის მიერ შეთავაზებული ტრენინგები თუ კონსულტაციები სრულად უფასოდაა ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის.