„მაგნოლია 2016“-ზე საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტები დაჯილდოვდნენ

2016 წლის 23 დეკემბერს აჭარაში „მაგნოლია 2016“ გაიმართა, სადაც საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ.

რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო სერვისის საერთაშორისო ქსელურ სასტუმროდ „ჰილტონი“, ხოლო საუკეთესო სერვისის მქონე რესტორნად „უკრაინოჩკა“ დასახელდა. საუკეთესო ბრენდულ სასტუმროს ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გადასცა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით „მაგნოლია 2016“ მეორედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი რეგიონში საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების წახალისება და ტურიზმის დარგის სტიმულირებაა, რაც საბოლოო ჯამში სერვისის გაუმჯობესებასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა კომპანიებმა 10 ნომინაციაში გაიმარჯვეს.

  • საუკეთესო საერთაშორისო ქსელური სასტუმრო - ჰილტონ ბათუმი
  • საუკეთესო განთავსები ობიექტი - კოლიზეუმ მარინა
  • საუკეთესო კვების ობიექტი - რესტორანი „უკრაინოჩკა“
  • საუკეთესო სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლი - „ზებო“ ზებურ ბოლქვაძე
  • საუკეთესო ტურისტული ატრაქცია - ბოტანიკური ბაღი
  • საუკეთესო მუზეუმი - აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
  • საუკეთესო ტურისტული მარშრუტი/ადგილი - 1. მწვანე ტბა 2. მახუცეთი
  • საუკეთესო ტურისტული სააგენტო - „აჭარა ტური“
  • საუკეთესო გიდი - ლელა გაბელაია
  • ახალი ტურისტული პროდუქტი - კურორტი „გოდერძი“

დაჯილდოების ცერემონიალზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა მადლობის სიგელები გადასცა იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით წვლილი შეიტანეს რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამარჯვებულები მომხმარებელთა კვლევისა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვების შედეგად გამოავლინა. მომხმარებელთა კვლევა პირისპირ და ონლაინ კვლევის მეთოდით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 1200 ტურისტი/მომხმარებელი გამოიკითხა. კვლევა ასევე ითვალისწინებდა Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენისას მომხმარებლის კვლევის გარდა ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებიც გამოიყენა. საუკეთესოს გამოვლენისას დეპარტამენტმა ასევე გაითვალისწინა პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ შედეგები.

„მაგნოლია 2016“-ზე საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტები დაჯილდოვდნენ