პროექტ „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მონაწილეთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.recommend.ge - ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადის ფორმა, ან უკვე შევსებული აპლიკაცია მოიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აღსანიშნავია რომ ამ ეტაპზე, გაზაფხულ-ზაფხულის განმავლობაში ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ უკვე მიიღო აჭარის რეგიონის 46-მა ტურისტულმა ობიექტმა, მათ შორის 25 განთავსებისა და 21 კვების ობიექტია.

შეგახსენებთ, რომ პროექტში ჩართვა ნებაყოფლობითი და სრულიად უფასოა. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

2016 წლისათვის რეგისტრაციის დასკვნითი, მესამე ეტაპი უკვე დაიწყო და ყველა მსურველს შეუძლია თავისი ტურისტული ობიექტი დაარეგისტრიროს ამა წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში.

ასევე 2016 წლის შემოდგომის სეზონზე მუშაობა განაახლა დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრმა. ტრენინგებზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ამავე ვებგვერდზე იხილონ ტრენინგების განრიგი და აირჩიონ მათთვის სასურველი თემა. http://recommend.ge/ge/training-center/trainings .

შეგახსენებთ, რომ ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და დასწრება შეუძლია ყველას, ვინც აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ტურისტულ ობიექტებშია დასაქმებული.

პროექტ „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მონაწილეთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი  დაიწყო