პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება

1 თებერვალი 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსებისა და კვების ობიექტებს ხარისხის ნიშანს ისევ მიანიჭებს. პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ხარისხის ნიშნის მსურველთა რეგისტრაცია პროექტის ვებ- გვერდზე recommend.ge გაზაფხულზე დაიწყება.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ თავისი შინაარსით წარმოადგენს შეთავაზებას რეგიონში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, დაიცვან და შეასრულონ გარკვეული კრიტერიუმები ძირითადი ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად.

პროექტი 2016 წელს დაიწყო და რეგიონში უკვე არის 62 ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტი. მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში პროექტში 106 ობიექტი დარეგისტრირდა, კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ მათმა ნაწილმა შეძლო. კრიტერიუმები მსოფლიოში აღიარებულ HotRec, HotelStar union 21 პრინციპს ემყარება და ადაპტირებულია ქართული რეალობისთვის.

მიმდინარე წელს, პროექტში ისევ ჩაერთვებიან სახანძრო-სამაშველო სამსახური, ჰიგიენასა და სანდასუფთავებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური სამსახურები და სურსათის ეროვნული სააგენტო. ისინი მათ მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით გაუწევენ მონიტორინგს პროექტში ჩართულ კვებისა და განთავსების ობიექტებს და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს. პროექტით გათვალისწინებულ სხვა სტანდარტებს კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი შეამოწმებს. კრიტერიუმებისა და რეკომენდებული ტურისტული ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე Recommend.ge.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება